პუბლიკაციები
როგორ „უფრთხილდება“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი სახელმწიფო სიმდიდრეს - დუშეთის არქეოლოგიური ბაზიდან გამქრალი უნიკალური ნივთების ისტორია (საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება - ნაწილი 1)

1-muz-Mსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 2014 წლის 28 ივნისს, დუშეთში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის გაქურდვის შესახებ გახდა ცნობილი.
დუშეთის არქეოლოგიური ბაზა სოფელ მილახვრიანთკარში მდებარეობს და ჭილაშვილების სასახლეშია განთავსებული. სასახლეში დაცული იყო არქეოლოგების მიერ მოპოვებული უმნიშვნელოვანესი მასალა, რომლის რაოდენობაც 300 ათასამდე აღწევდა და რომელიც წინარე ქრისტიანული ფონდისაგან, ქრისტიანული ხანის ფონდისაგან და მუდმივმოქმედი ექსპოზიციისაგან შედგებოდა.   2007 წლიდან არქეოლოგიური ბაზა ისევე, როგორც სხვა 40 - მდე ობიექტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბალანსზე დაირიცხა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მის მოვლა -პატრონობაზე ეროვნული მუზეუმს დაეკისრა.

როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ბაზის გაქურდვისას 3 ათასამდე უნიკალური ნივთი დაიკარგა. სასახლე რამდენიმე თვის მანძილზე იქურდებოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქურდობა ამავე ბაზის დაცვის თანამშრომელმა თემურ ვარსიმაშვილმა ჩაიდინა, რომელსაც ამავე დროს  სრული ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია და მოპარული ნივთების მხოლოდ ნაწილია ამოღებული.

საქინფორმს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს, რომელზეც პასუხის მიღების მცდელობა, შეიძლება ითქვას, უშედეგოდ დასრულდა. მაგალითად, გაუგებარია, 2007 წელს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ბაზა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში გადმოვიდა, ჩატარდა თუ არა აღწერა? რატომ არ იყო სასახლის ტერიტორია და 300 000 - მდე უმნიშვნელოვანესი ექსპონატი საიმედოდ დაცული? როგორც საქინფორმისთვის ცნობილია, იქ მხოლოდ ხის კარები და ერთი რკინის გისოსი იყო, რატომ ვერ შეამჩნიეს რამდენიმე თვის მანძილზე გაქურდვის ფაქტი მუზეუმის თანამშრომლებმა? იცის თუ არა ეროვნულმა მუზეუმმა რა რაოდენობის და ღირებულების ექსპონატებია დაკარგული? და თუ ასეთი დაუცველი იყო სახელმწიფო სიმდიდრე, რა მდგომარეობაშია დანარჩენი ობიექტები, რომლებიც ასევე ეროვნული მუზეუმის ბალანსზე ირიცხება?

გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შემდეგ, რაც ქურდობის ფაქტი მედიისთვის გახდა ცნობილი, მუზეუმის ხელმძღვანელობამ დროებითი კომისია შექმნა, რომელსაც აღნიშნული საქმის შესწავლა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა და დასკვნის დადება დაევალა. თუმცა, გაუგებარია - როგორ იმუშავა კომისიამ, რა დარღვევები გამოვლინდა და რატომ არ ასაჯაროებს კომისიის დასკვნას მუზეუმის ხელმძღვანელობა?

კომენტარისთვის საქინფორმმა ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურს მიმართა, რათა  მუზეუმის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს შეკითხვებზე პასუხი გაეცა. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ანა ვერულაშვილმა, მას შემდეგ, რაც საუბრის თემა შეიტყო, ძალიან კატეგორიულად მოითხოვა, შეკითხვაც წინასწარ შეგვეთანხმებინა, რაზეც, ცხადია, ვერ დავთანხმდებოდით. შედეგად ეროვნული მუზეუმის პრესმდივანმა უარი გვითხრა ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან გასაუბრებაზე და აღნიშნული „საქმის კარგად მცოდნე“ მეცნიერ თანამშრომელთან, ბატონ გიორგი გოგოჭურთან გადაგვამისამართა. საქინფორმის მიერ მოპოვებული  ინფორმაციით, გიორგი გოგოჭური ფლობდა სასახლის გასაღებებს და პერიოდულად მიდიოდა მუზეუმში, სწორედ მან აღმოაჩინა რამდენიმეთვიანი ქურდობის შემდეგ ექსპონატების დაკარგვა.

გთავაზობთ მოკლე სატელეფონო ინტერვიუს ბატონ გოგოჭურთან და საზოგადოებამ თავად განსაზღვროს - რამდენად კომპეტენტურად და ღიად გვესაუბრა მუზეუმის თანამშრომელი.

- ბატონო გიორგი, რა რაოდენობის ნივთებია დაკარგული დუშეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზიდან?

- იცით რა, არის სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნივთები - რკინა და ბრინჯაო, რაოდენობას ვერ გეტყვით, აუცილებელია ამის გაგება, რაოდენობა წყვეტს რამეს?! ეს არის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა. თქვენ რომ იცოდეთ, გეტყვით - გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ყველა რეგიონს ჰყავდა მუდმივმოქმედი ექსპედიცია. ყველა ექსპედიციას ჰქონდა თავისი ბაზა. დუშეთის ბაზა ეკუთვნოდა ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციას. ჟინვალის და არაგვის ხეობაში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახებოდა ამ ბაზაზე, მაგრამ რაც ისეთი მნიშვნელოვან იყო, ის ნივთები ბარდებოდა ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს და ხელოვნების მუზეუმს. ასე რომ, დუშეთში იყო მხოლოდ ბრინჯაოს, რკინის ნაკეთობები და სამკაულები, რომლებიც იყო ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული. აი ეს ნივები დაიკარგა.

- ანუ, თქვენ თვლით, რომ ის ნივთები, რომლებიც დაიკარგა, თავისი მნიშვნელობით არცთუ ისე საინტერესო იყო?

- იცით, არა, მე მაგას ვერ ვიტყვი. უბრალოდ ვამბობ, რომ საბაზრო ღირებულების მიხედვით ერთ ნივთს, მაგალითად, უბრალო სპილენძის სადგისს, რომელიც ქრისტეს შობამდე მეექვსე ათასწლეულში გამოიყენებოდა, მეცნიერულად ძალიან დიდი ინფორმაცია და ღირებულება გააჩნია - ეს მეტალურგიის გარიჟრაჟია, ეს არის ის დრო, როდესაც ლითონის ნაკეთობები ჩნდება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ ისე, რომ ვიღაცამ იყიდოს, საინტერესო არ არის.

- ბატონო გიორგი, როდესაც დაკარგული ნივთების რაოდენობაზე გკითხეთ, ვგულისხმობდი იმას, რომ რეალურად თუ იცის ეროვნულმა მუზეუმმა რა სიმდიდრე დაიკარგა - არ აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად ღირებული იყო იგი ბაზარზე! როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეცნიერებისათვის თითოეული ნივთი, შეიძლება ითქვას, შეუფასებელია! რამდენი ექსპონატი დაიკარგა, დაახლოებითი ციფრი მითხარით, თუ შეიძლება - 5 ცალი დაიკარგა, 100 თუ 1000 ცალი?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ერთი ნივთი დაიკარგოს, შეიძლება 1000, და შეიძლება 2000 ცალი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ერთმა ნივთმა გადაწონოს ათასი! მუზეუმმა როგორ არ იცის, ყველამ იცის, მაგრამ მე, როგორც ამ ბაზის ზედამხედველი, საგამოძიებო უწყებამ გამაფრთხილა, რომ სანამ ძიება ბოლომდე არ მივა, არ არის რეკომენდირებული ინფორმაციის მიწოდება. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - რა რაოდენობის ექსპონატები დაიკარგა, ჯერჯერობით მიდის ძიება და ეს ნივთები არ არის სრულად ამოღებული. ამდენად, ამ ინფორმაციის გახმაურება არ არის საჭირო. მე კი არ ვიკავებ თავს ინფორმაციის გაცემისგან, არამედ ვითვალისწინებ გამოძიების ინტერესებს.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ მუზეუმი ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ნივთებია დაკარგული, უბრალოდ ვერ ასახელებთ რაოდენობას?

- დიახ, დიახ! როგორც კი შედგება სასამართლო პროცესი, მეც და მუზეუმის ხელმძღვანელობაც მზად ვართ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით დროებითი კომისია შექმნა, რომელსაც ევალებოდა ქონების ინვენტარიზაცია და დასკვნის დადება. როგორ იმუშავა კომისიამ და რა დასკვნა მომზადდა?

- კომისიის მუშაობა ჯერჯერობით დასრულებული არ არის, დასრულებულია მხოლოდ ერთი ეტაპი - ძირითადად ის ნაწილი, თუ რა შეიძლებოდა მოეპარა ქურდს, კერამიკა არ მიაქვს არავის.

- გასაგებია, ანუ კომისიამ იმუშავა, მაინტერესებს - დასკვნა თუ არსებობს?

- როგორ არ არსებობს?! არსებობს!

- შეიძლება რომ მოვიდე და დასკვნის ასლი მომცეთ?

- მე ამის უფლება არ მაქვს, ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შემიძლია ამის გასაჯაროება.

- ის მაინც მითხარით, ვინ შედიოდა აღნიშნულ კომისიაში, თუ შეგიძლიათ გვარები რომ დამისახელოთ?

- კომისიის წევრები არიან მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები და ის ადამიანები, ვინც ექსპედიციაში მუშაობდნენ. მე არ ვარ კომპეტენტური, ეს ინფორმაცია უნდა სთხოვოთ კომისიის თავმჯდომარეს და ოფიციალურად უნდა გამოითხოვოთ მუზეუმიდან. არავინ მალავს ინფორმაციას, როგორც კი სასამართლო პროცესი ჩატარდება, გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე.

P.S. ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან და დუშეთის ბაზის ზედამხედველთან გასაუბრების შედეგად პასუხებზე მეტი კითხვები მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით, კომისიის დასკვანსთან დაკავშირებითაც არსებობს გარკვეული პრობლემები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციასაც საგულდაგულოდ ინახავს მუზეუმი.

ამიტომაც საქინფორმი აღნიშნულ საქმეზე თვალყურის დევნებას აქტიურად განაგრძობს და მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი დასრულდება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის გაქურდვასთან და იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითკიდევ ერთხელ შევეცდებით მოვიპოვოთ საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაცია.

(მასალას თან ერთვის გვიან ანტიკური ხანის ბრინჯაოს იმ უნიკალური ნივთების რამდენიმე ფოტო, რომელიც დაკარგულია და რომლის შესახებაც ბატონი გიორგი გოგოჭურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ ბაზარზე არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ.)

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დუშეთის არქეოლოგიური ბაზა დღეის მდგომარეობითაც სრულიად დაუცველია - ეროვნულ მუზეუმს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია სასახლის დაცვის გასაძლიერებლად.

 

მოამზადა ნატა წერეთელმა
(გაგრძელება იქნება)

1-muz-1 1-muz-2
1-muz-3 1-muz-4
1-muz-5 1-muz-6