პუბლიკაციები
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე: "მუსლიმები იყვნენ, მაგრამ კარგად იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა ქრისტიანობა საქართველოსთვის"!

1-Kirval-analit-2

საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ამას წინათ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი ხომ აშენდა? მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო საზოგადოებაში, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჰოდა, ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ, სოფელ მოხეს შემთხვევაში, ოღონდ, ახლა უკვე პირიქით უნდა მოხდეს და საპატრიარქოს განცხადებას ანგარიში გაუწიოს ქართველ მუსლიმთა თემმა...

განა ახსნა უნდა იმას, რომ ქრისტიანობა წინ უსწრებდა ისლამის გავრცელებას საქართველოში და ქართველებში გამაჰმადინება (კერძოდ, აჭარაში) ძალმომრეობით ხორციელდებოდა! გასაგებია, რომ თითოეულის არჩევანია, დარჩება ამ გზით გავრცელებულ სარწმუნოებაზე, თუ დაუბრუნდება წინაპართა 3 საუკუნის წინანდელ რწმენას!

დიახ, ამით საქართველოს მამულიშვილობა და თავდადება არ განისაზღვრება, ამის საუკეთესო მაგალითია აჭარის სასიქადულო შვილების, ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილების – მემედ აბაშიძის, ჰასან თხილაიშვილის, მევლუდ დიასამიძის, გულო კაიკაციშვილის და სხვების (თავდგირიძეების, შალიკაშვილების, წულიკიძეების და სხვ.) ბრძოლა, ცხოვრება და მოღვაწეობა! ყველა მათგანი მუსლიმი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება მიუძღვნეს აჭარის დედასაქართველოში დაბრუნების მიზანს და ოსმალეთის უდიდეს ისლამურ იმპერიას უპირისპირდებოდნენ!

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები იყვნენ, მათ კარგად იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა და ნიშნავს ქრისტიანობა საქართველოსთვის! აი, ზუსტად ისინი უნდა იყვნენ დღევანდელი მუსლიმი ქართველების მაგალითი და სწორედ მათსავით უნდა ვიზრუნოთ დედასამშობლოზე ყველამ, ქრისტიანმა თუ მუსლიმმა, თორემ საქართველოს მზაკვარი მტერი არ გამოელევა, ვინც ქართველთა შორის განხეთქილებისათვის ყველაფერს მოიმოქმედებს!

ფრთხილად ქართველებო, არ წამოეგოთ ასეთ პროვოკაციებზე!.. და საერთოდ, რა თქმა უნდა, ან რა ფიცი–მტკიცი უნდა იმას, რომ ქართველი ქრისტიანი და მუსლიმი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე საქართველოს ღვიძლი შვილია და რომ ნებისმიერი სადავო საკითხი სიყვარულით უნდა გადავწყვიტოთ!