აქტუალური
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა

Patrik-aqtual-2საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე აღინიშნა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობით იზრდება საქართველოს როლი საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემაში.

ევროკავშირის სახელით გამოვხატავ მადლიერება საქართველოს წვლილისთვის ჩვენს ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. დიდად ვაფასებთ იმას, რომ თქვენი მონაწილეობა მომავალი წლის მარტამდე გრძელდება. ეს ჩემთვის ასევე იყო შესაძლებლობა ხაზგასმით აღმენიშნა ჩვენი სურვილი, კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა გენერალ პატრიკ დე რუზიემ.

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.