საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაიას განმარტებით, პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი უშუალოდ განახორციელებენ ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას, ელექტრონული თანხმობის სახით, გასცემს სასამართლო; აღნიშნულ პროცესზე ზედამხედველობას კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით: „პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ჯერ პრეზიდენტის შენიშვნებს, ხოლო შემდგომ, თუ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭისყრაზე დგება პირვანდელი რედაქცია, რომელიც ერთხელ უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 76 ხმით კვლავ დაადასტურებს მის ერთხელ უკვე გამოხატულ პოზიციას, ამის შემდგომ კანონი შევა ძალაში“.
ასეც მოხდა: გუშინ, კვირას, დეპუტატები ექსტრენულ სხდომაზე ქუთაისში, პარლამენტში შეიკრიბნენ და ხმათა უმრავლესობით - 82 „მომხრე“ - დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო, რომელმაც იძულებით მოაწერა ხელი მისთვის ხელმეორედ გადაგზავნილ ცვლილებების გარეშე კანონპროექტს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონებში ცვლილებების ქვეშ ხელს მოაწერდა პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი და ისინი მაინც შევიდოდა ძალაში.