სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინეს

Kura-samart-1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ჯაიანმა და ირაკლი აზმაიფარაშვილმა ახალგაზრდა ქალბატონი სიკვდილისგან იხსნეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ რუსთავში ქალბატონი მდინარე მტკვარში გადახტომას აპირებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ ქალბატონი უკვე გადამხტარიყო მდინარეში და იხრჩობოდა. ოცეულის მეთაური ლევან ჯაიანი და მისი მეწყვილე ირაკლი აზმაიფარაშვილი არ დაელოდნენ სამაშველო სამსახურის მისვლას, მდინარეში შეცურეს და ქალბატონი წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.