სამართალი
კობა ნარჩემაშვილი: „როცა ნებისმიერი ქვეყანა შენს ძებნილ პრეზიდენტსა და ექსმაღალჩინოსნებს პოსტებზე ნიშნავს, ეს დემონსტრაციული, არამეგობრული და პროვოკაციული ნაბიჯია“

1-koba-samart-3საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ქართველების დანიშვნა, კიევის მხრიდან არამეგობრული და დემონსტრაციული ნაბიჯია.

„როცა შენი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსანი პოსტს ტოვებს და მას სახელმწიფო საიდუმლოებებთან ჰქონდა წვდომა, ამ საიდუმლოს შენახვის ვალდებულებაც აქვს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ჯაშუშობის მუხლს იცნობს, სადაც წერია, რომ უცხო ქვეყანის სასარგებლოდ შენს ხელთ არსებული ინფორმაცია არ უნდა გასცე. ამიტომ ხელისუფლებას ვეკითხები - ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ უკრაინაში დანიშნული ქართველი მაღალჩინოსნები რაიმე ინფორმაციას არ გასცემენ და მათ უკრაინის სპეცსამსახურებში ჯაშუშებად მყოფი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც არ გამოიყენებენ?! პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, რა ტიპის ინფორმაციასთან ჰქონდათ შეხება ამ ადამიანებს! ხოლო უკრაინიდან სააკაშვილისა და სხვების მიერ მკვახე განცხადებების კეთება ჩვენთვის სახიფათოა და შესაძლოა, წყალი რუსეთის წისქვილზეც დაასხას. რუსეთს იმაზე ლაპარაკის შანსი არ უნდა მიეცეს, რომ მის წინააღმდეგ საქართველო და უკრაინა გაერთიანდნენ. ეს ძალიან სახიფათო რამაა“,- განუცხადა „ვერსიას“ კობა ნარჩემაშვილმა.