საზოგადოება
ლაგოდეხში ჩუტყვავილა გავრცელდა

batonebiლაგოდეხის რაიონში, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილა გავრცელდა. სოფლების - ულიანოვკისა და შრომის საჯარო სკოლებში დაავადება 14 მოსწავლეს აღმოაჩნდა. ამის თაობაზე საქინფორმს რეგიონის კორესპონდენტმა აცნობა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსის - ნუნუ ნოზაძის თქმით, ზემოაღნიშნულ სკოლებში უკვე იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები და შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს. „ჩუტყვავილა მეტად რომ არ გავრცელდეს, მოსწავლეები სრულ განკურნებამდე სახლში იქნებიან“, - აღნიშნა ნუნუ ნოზაძემ. ეპიდემიოლოგები დაკვირვებას სხვა სკოლებშიც აწარმოებენ. მათ ვითარება არ შეუსწავლიათ საბავშვო ბაღებში, სადაც, ასევე, ჩუტყვავილით დაავადების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ქალაქის № 1 საბავშვო ბაღშიც. საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის - ირმა სიყმაშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში მდგომარეობა დღეს გადამოწმდება. ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებითა და მესამე პირის საშუალებით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი, რის გამოც დაავადების შემთხვევები განმეორებით არ გვხვდება.