პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა

1-korporacia-polit-2საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდა თაობაში ჩადებული ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას, შევასრულოთ ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა,- განაცხადა პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, ექვსი თვის წინ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (San Diego State University) შორის, რომელიც საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სექტემბრიდან ამერიკულ და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში, მათ შორის განათლების სისტემის განვითარების კუთხით.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაარსებიდან 10 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ვიდეომილოცვები მოისმინეს.

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 2013 წელს საქართველოს მეორე - 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი დაუმტკიცა.