საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „თუ ნატოს ბაზების სანაცვლოდ ტერიტორიების ვთმობთ, პირდაპირ თქვით, ოღონდ მე და ჩემი თანამებრძოლები ამას არ შევეგუებით“

1-nedopustit-sazog-2საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ვაშინგტონიდან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში შესაძლოა გამეორებულ იქნას ყირიმის მსგავსი სცენარი და ამის პარალელურად საქართველო რუსეთთან დიალოგს აჩერებს და მოლაპარაკებების იმ ერთადერთ მცირე პროცესსაც ყინავს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მას არაერთგზის განუცხადებია, რომ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა და ქვეყანა პრაქტიკულად კატასტროფისაკენ მიექანება და ამის დასტური, ვისაც დანახვა უნდა, არაერთხელ გამოჩნდა.

დღეს მართლაც საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით: მხედველობაში მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც მართლა, ვისაც ელემენტარულად ესმის საგარეო პოლიტიკა, მისთვის განგაშის ზარის ნიშანი უნდა იყოს. ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი თავის განცხადებაში ადასტურებს იმას, რაზეც მე არაერთგზის ვსაუბრობდი, რომ რუსეთთან ბაზრის გახსნა, თუნდაც იმ მცირე მოცულობით, რა მოცულობითაც გაიხსნა, იყო დროებითი მოვლენა. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველა ადამიანს ვინც „ქართულ ოცნებას“ იმედის თვალით შესცქეროდა, რომ მე მათ ვაფრთხილებდი, რომ ეს ბაზარი ძალიან მალე დაიკეტებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყებოდა სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთთან. დღეს კი, საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე აცხადებს, რომ საქართველო დროებით აჩერებს რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს, მას აზრი არ აქვს, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო“,-განაცხადა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს ნაკლები უბედურებაა იმასთან შედარებით, რასაც თამარ ბერუჩაშვილი შემდეგ ამბობს. მისი თქმით, ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-დან აკეთებს.

მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში, სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ძალების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ადვილი შესაძლებელია ასე იყოს და ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება. არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა გამეორებულ იქნას ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია. აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, დიალოგი რუსეთთან უნდა შეჩერდეს და მოლაპარაკებების ყველანაირი პროცესი უნდა გაიყინოს.

ეს განცხადებები, არის ფაქტიურად ოფიციალური გამოცხადება იმისა, რომ ჩვენ ვეგუებით შესაძლო განვითარებას სცენარებისა, ვხურავთ მოლაპარაკებების ბოლო იმედს და ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის შესაძლო განადგურების - რეალური განადგურების პროცესს“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე წუთის წინ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს რუსეთისათვის რაიმე იარლიყების მიკერებას რთული ურთიერთობის მიუხედავად და აშშ განაგრძობს რუსეთთან თანამშრომლობას იმ საკითხებში, რაც შედის ამერიკის ინტერესებში, მაგალითად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და მაშინ როდესაც ევროკავშირმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მხოლოდ პირველი პაკეტი გააგრძელა და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სიმბოლური სანქცია, ის ითვალისწინებს კონკრეტული თანამდებობის პირებისათვის ევროპაში შესვლის აკრძალვას და მეტს არაფერს, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს ევოკავშირს მოლაპარაკებები რუსეთთან ამ საკითხზე არ შეუწყვეტია, ამ ეკონომიკური სანქციების გაგრძელება ჯერ განუხილავს, ვინაიდან ევროკავშირის ლიდერები თვლიან, რომ ეს სანქციები აზარალებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ თავად ევროკავშირსაც.

ყველა საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, ყველა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან იღებს გადაწყვეტილებებს და მაშინ, როდესაც ჩვენთვის მოლაპარაკებების პროცესი ერთადერთი, ძალიან მცირე, მაგრამ ერთადერთი გარანტიაა იმისა, რომ იქნებ არ გაგრძელდეს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის პროცესი, ამ მოლაპარაკებებზეც უარს ვაცხადებთ. ეს უკვე აღარ არის არაკომპეტენტურობა!“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება პრემიერმა ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს.

თუ ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად ამბობს ჩვენს ტერიტორიებზე უარს, მაშინ ამის თაობაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა განუცხადოს პირდაპირ და საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ეგუება 21-საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, თუ აპირებს ბრძოლას იმისათვის, რომ მინიმალური შანსებიც კი ჩვენი ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივისა, გამოყენებული იქნას. ვფიქრობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ვისაც ესმის რას ნიშნავს ეს პროცესი უნდა ჰქონდეს მართლაც უმძიმესი რეაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განმარტებით, მოხდა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

ეს ის საკითხია, რომელზეც ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს კომენტარი და უნდა გვითხრან რა ხდება ამ საკითხთან მიმართებაში! როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფოს შეიძლება ხვალ კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს და ანექსია დაემუქროს, ამ დროს გაწყვიტო დიალოგი, მაშინ როდესაც პოროშენკოც კი პირდაპირი დიალოგის რეჟიმშია რუსეთთან, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება! მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ამ ტიპის განცხადებები ჯერ საერთოდ არ უნდა კეთდებოდეს და თუ კეთდება უნდა კეთდებოდეს საქართველოს დედაქალაქიდან და არა რომელიმე უცხო სახელმწიფოს დედაქალაქიდან, იმიტომ, რომ კითხვები ამასთან დაკავშირებითაც ჩნდება. თუ ჩვენ ნატოს ბაზის სანაცვლოდ მზად ვართ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავთმოთ მაშინ ეს ვთქვათ ხმამაღლა, ოღონდ მე პირადად, ჩემი თანამებრძოლები, ჩემი შვილები ჩემი პარტიის წევრები და ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ამას არასოდეს არ შევეგუებით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს!“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.