აქტუალური
კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრ აივარას აბრომავიჩუსს შეხვდნენ

1-aivaras-aqtual-3საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. 30 იანვარს საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები. აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები.

ასევე 30 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ გამართა შეხვედრა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰერბერტ ზალბერთან.

მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 9-10 დეკემბერს გამართული 30-ე რაუნდის შედეგები და 17-18 მარტს დაგეგმილ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, შეფასდება, როგორც საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.