აქტუალური
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

congresman-aqtual-3საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლის 3 თებერვალს ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან, ჯონ მაკკეინთან, ბობ მენენდესთან, ჯეიმს რიშთან, ბენ კარდინთან და ჯინ შაჰინთან.
ასევე, გაიმართა თამარ ბერუჩაშვილის სამუშაო ლანჩი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენებთან დანა რორაბახერთან, ელიოტ ენგელთან, გრეგორი მიკსთან, ბრედ შერმანთან, ჯერალდ კონლისთან და რიდ რიბლთან.
მინისტრი ასევე შეხვდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს.
აშშ-ს კონგრესში გამართული შეხვედრების მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება, რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება" და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების" გაფორმება იყო.

მხარეებმა ასევე განიხილეს  საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.