პოლიტიკა
პრეზიდენტის შეწყალებით 3 უვადო მსჯავრდებულ ქალს გათავისუფლების ვადა განესაზღვრა

polit-2საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ ორ განკარგულებას. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ სულ შეწყალებულია 191 პირი.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით შეწყალებულ სამ უვადო მსჯავრდებულ ქალს გათავისუფლების ვადა განესაზღვრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20-წლიან ვადას არ აღემატება.

შეწყალების ერთი აქტის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა უვადო მსჯავრდებული 3 ქალი და განსაზღვარა მათი გათავისუფლების ვადა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში არ აღემატება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლიან ვადას. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი წელი პრეზიდენტმა გამოაცხადა „ქალთა წლად“ – ქალთა უფლებების დაცვის წლად“.

მეორე შეწყალების აქტით კი, საქართველოს პრეზიდენტმა 188 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 7 არასრულწლოვანია.

შეწყალებულთაგან 130, მათ შორის 1 არასრულწლოვანმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. რაც შეეხება დანარჩენ 58 პატიმარს, რომელთაგან  6 არასრულწლოვანია, მათ სასჯელის ვადა გაუნახევრდათ ერთი მესამედით ან კონკრეტული კალენდარული ვადით შეუმცირდათ.

მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული საქმეების საფუძველზე წარდგენილი რეკომენდაციებით მიიღო. კომისიამ ორი სხდომა გამართა. მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან  27 თებერვლამდე შეწყალების კომისიამ განიხილა 1212 პირის საქმე, ხოლო 4 მარტს გამართულ სხდომაზე სწორედ უვადო მსჯავრდებული ქალების შეწყალების საკითხი იყო განხილული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2 მარტს, „დედის დღესთან“ დაკავშირებით, კიდევ ერთი შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზეც 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, რომელთაგან 4 გათავისუფლდა, ხოლო 4 სასჯელი გაუნახევრდა.