აქტუალური
მინდია ჯანელიძემ „მინისტრის ხედვა 2015-2016“ დოკუმენტი წარადგინა

1mindia-aqtual-2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. დოკუმენტის თანახმად, 2015-2016 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: თავდაცვის მართვის სრულყოფა, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
„მინისტრის ხედვის“ მიხედვით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას.

„მინისტრის ხედვაში“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დასახელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სამშვიდობო მისიებში კვლავაც აქტიურად იქნებიან ჩართულები. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ პროცესს განახორციელებს, შესაბამისად, ჩამოყალიბდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ინტენსიურ თანამშრომლობაზე.