პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „2015 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბდა 106 მლნ ლარით და 2 305 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,8%-ია“
kvart-polit-1საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 48 მლნ ლარით, რაც პირველი კვარტლის გეგმის 102,7%-ია; ხარჯვით ნაწილში 97%-იანი შესრულება ფიქსირდება, ხოლო ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე გაწეულმა ხარჯმა 174 მლნ შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 108,6%-ია.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2015 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,9%-ია. „გასულ წელს მშპ-ს წლიური ზრდა იყო 4,8% და ამ მონაცემებით რეგიონში პირველ ადგილზე ვართ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ინვესტიციების კუთხით გასულ წელს იყო 39%-იანი ზრდა, რაც მილიარდ 270 მლნ დოლარს შეადგენს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ 2003-2012 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 3 მილიარდი იყო, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.