საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი იწყებს პრეზიდენტი პოროშენკოს ევროპელი მრჩევლების ბლოკის აქტიურად ჩამოყალიბებას რეფორმების საკითხში. მიწვეული არიან თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეები: ლიტვის ყოფილი პრემიერი ანდრიუს კუბილიუსი, შვედეთის ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, ევროპის პარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სერიუშ ვოლსკი, სლოვაკეთის ექსპრემიერი მიკულაშ ძურინდა, ასევე ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი, რომელიც უკრაინის ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმას მრჩეველი გახლდათ ეკონომიკის საკითხებში და ლატვიის პრემიერი ვალდის დომბროვსკი.
სააკაშვილი ასევე ეხმარება უკრაინის პრეზიდენტს, შეარჩიოს ნაციონალური ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი: „დიდი იმედები მქონდა, რომ ჩატარდებოდა კონკურსი, შეირჩეოდა ბევრი კარგი ადამიანი. არცთუ ბევრი ვიცი იმ ოთხეულზე, რომელიც შეარჩიეს, მაგრამ ყველა მათგანი მრავალი წლის განმავლობაში ამ სისტემის ნაწილი იყო. არ შეიძლება ბაყაყს ჭაობის დაშრობა დაავალო! არსებობს რაღაც წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. შედეგად ჩვენ მივიღეთ კონკურსის შედეგებით ანტიკორუფციულ კომისიაში სრული პროფანაცია, ყველა პროცედურა დაცული იქნა, მაგრამ შედეგად სრული სისულელე მივიღეთ!“- აღშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილი. სააკაშვილის მიერ გაკრიტიკებული ოთხი კანდიდატია - პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ვიქტორ ჩუმაკი, ყოფილი პროკურორი, ამჟამად იურისტი არტემ სიტნიკი, ასევე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და პრაქტიკოსი იურისტი იაკობ ვარიჩევი და ნიკოლაი სირი, რომელიც ცნობილია იმით, რომ 2010-2011 წლებში ტიმოშენკოს დასაცავად გამოდიოდა.
პოლიტიკოსებს, რომლებიც სააკაშვილმა თავის გუნდში მიიწვია, აერთიანებთ ერთი მნიშნელოვანი რამ, რაზეც გაზეთ „ვზგლიადს“ მოსკოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ბალტიის ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელმა სერგეი რეკედამ მოუთხრო. "ყველა ეს პოლიტიკოსი უკიდურესად მემარჯვენე კონსერვატიული შეხედულებისაა. თავისი პოლიტიკური კარიერა მათ რუსეთთან დაპირისპირების იდეაზე ააგეს. ეს პოლიტიკოსები ევროპული ელიტის წარმომადგენლები არიან, რომელიც უშუალო კავშირშია აშშ-თან. ისინი ვაშინგტონის იდეების გამტარებლები არიან ევროპაში. მეტიც, ისინი პოლიტიკურად მეტად არიან მიზანმიმართული აშშ-ზე, ვიდრე ევროკავშირზე. ამასთან, ხშირად მათი ინტერესები არ ემთხვევა ბრიუსელისა და ბერლინის ინტერესებს", - აღნიშნა რეკედამ.