პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრ მირჩა დუშას შეხვედრის მთავარი თემები: საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, ურთიერთობა ნატო-სა და ევროკავშირთან

cxinval-polit-1საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. მხარეებმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს  პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად ახორციელებს და აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში განვითარებული მოვლენები.