პოლიტიკა
მაია მწარიაშვილი: „თუ ნაცვლიშვილს ეს საქმე ედო სადღაც თაროზე, რომ დატოვა კაბინეტი, ვიღაცა ხომ შევიდა და ჩამოიღო თაროდან?"

mcari-polit-3საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის - ლაშა ნაცვლიშვილისა და გია უდესიანის კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი გამოეხმაურა. მწარიაშვილი კითხვას სვამს: თუ ლაშა ნაცვლიშვილი უდესიანის წინააღმდეგ პროკურატურაში არსებულ საქმეს აჩერებდა, ნაცვლიშვილის პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ, რატომ არ მოხდა ამ საქმეებისთვის მსვლელობის მიცემა:

მას შემდეგ რაც, ასე ვთქვათ, მე აღარ ვსაქმიანობ პროკურატურაში და არც ბატონი არჩილი, აბა დროს მიაქციყურადღება რა ვადა გავიდა - წელიწადნახევარი… თუ ვთქვათ ძველ შემადგენლობას ეს საქმე უნდა დაეწყო და დაესრულებინა ჯერ კიდევაც ათი თვის განმავლობაში, წელიწადნახევარში რატომ არ უნდა დასრულებულიყო. თუ ნაცვლიშვილს ეს საქმე ედო სადღაც თაროზე, სადღაც თავის კაბინეტში, ნაცვლიშვილმა რომ დატოვა ეს კაბინეტი, ვიღაცა ხომ შევიდა იმ ოთახში? ხომ დაიკავა მისი ადგილი და იმ თაროდან ხომ ჩამოიღო ეს საქმე? ოდა, რომ ჩამოიღო ეს საქმე, წელიწადნახევარი სად იყო ეს საქმე?“ - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გია უდესიანისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის შესაძლო კავშირზე პირველ კომენტარს აკეთებს არჩილ კბილაშვილი.

„მე ვარ უამრავი ინფორმაციის მფლობელი, მაგრამ მას შემდეგ რაც აღარ ვარ პროკურორი, არა მაქვს უფლება, რომელიმე კონკრეტულ საქმეზე გავაკეთო რომელიმე კონკრეტული შეფასება. ამის უფლება აქვს მხოლოდ მოქმედ პროკურორს“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.