აქტუალური
ნავთობის ფასმა 90 დოლარს გადააჭარბა

brent-oil2 დეკემბერს ელექტრონულ სასაქონლო ბირჟაზე Brent ნავთობის ფასმა 1,82 დოლარით მოიმატა და ბარელზე 90,69 დოლარი შეადგინა.WTI-ს მარკის ნავთობის ოფიციალური ღირებულება კი ნიუ იორკის ბირჟაზე 1,25 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 88 დოლარს მიაღწია. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა 1 დეკემბერსაც. ეს პროცესი კი გაამყარა ჩინეთიდან და აშშ-დან მიღებულმა ძლიერმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა. გარკვეული როლი შეასრულა დოლარის შესუსტებამაც. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ ტრიშემ ინვესტორები მცირედით დააწყნარა განცხადებით, რომ ცენტრალური ბანკი ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამოშვებული პრობლემური ვალების გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამან მკვეთრად შეამცირა საპროცენტო განაკვეთები და ევროს კურსი გაამყარა. დოლარის შესუსტება კი ზრდის ნავთობის, როგორც ალტერნატიული ინვესტიციის, მიმზიდველობას.