სამართალი
მთავარი პროკურატურა: „ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი“

cirkular-samart-3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ზ.ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმებასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„...2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ . ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ . ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი  დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.