სამართალი
შსს-მ აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა
1-jino-samart-1საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს დირექტორი ნინო ს. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ის ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery“ (ე.წ. ,,გრინ-ქარდის“) გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და დასახმარებლად ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, თითქოსდა ,,გრინ-ქარდი“-ს აღდგენის მიზნით, ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა. სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და კომპანია „ჯინო თრეველი“-ს ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.