აქტუალური
გარიგებების სერიამ უკვე პიკს მიაღწია, რაც სავარაუდოდ, ივანიშვილის განეიტრალებით და ქვეყნიდან მისი წასვლით დამთავრდება

1-cronika-aqtual-3-analitსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ზურაბ ადეიშვილს, ბიძინა ივანიშვილის თანხმობით, წითელი ცირკულარით ძებნა მოუხსნეს, შუშის სასახლეში სააკაშვილის ძებნის გაუქმებაზეც დაიწყეს ფარული საუბრები. ამის შესახებ გაზეთი „ქრონიკა“ წერს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში  ხდება ძალაუფლების გადაბარება დასავლური კურსის მომხრეებისთვის. „რესპუბლიკელებმა“ თავდაცვის მინისტრის პორტფელი უკვე  გადაიბარეს, პარლამენტი მათია, ახლა ივანიშვილს ევაჭრებიან შსს-ს მინისტრის სავარძელს, რადგან მომავალ არჩევნებამდე თუკი შს მინისტრიც „რესპუბლიკელებისა“ იქნება, მაშინ მომავალი პრემიერიც მათ პარტიაში უნდა ვეძებოთ.

ჟურნალისტის თქმით, პარლამენტში გარიგებების სერიამ უკვე პიკს მიაღწია, რაც ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლით დასრულდება. მარტო რჩება ღარიბაშვილი,  რომლისთვისაც ამ ფონზე რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ  გაკეთებული განცხადება შეხვედრის თაობაზე შესაძლოა მაშველ რგოლად იქცეს. სახელისუფლებო წრეებში უკვე განიხილება რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მომზადების საკითხი, თუმცა თუკი რუსეთის მხრიდან შემოთავაზებული არ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ მოსკოვში ღარიბაშვილის ნაცვლად ჩავა მარგველაშვილი.

ჟურნალისტის  აზრით, თუკი ეს ვიზიტი ცოტა წარმატებული მაინც იქნა და ლარის კურსზე აისახა, მაშინ მთავრობას ექნება შანსი, ნაწილობრივ მაინც გადაუჭრას გზა 2016 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებსა და ნაციონალებს. დღეს მთავარია ეკონომიკის გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა და ლარის კურსის გამყარება“,- წერს გაზეთი.