უცხოეთი
„რუსეთის დახმარების გარეშე ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მივაღწევდით! მზად ვარ, სამხედრო ძალა გამოვიყენო იქ, სადაც ეს მნიშვნელოვანია აშშ-ის ინტერესებისთვის!“ - პრეზიდენტი ბარაქ ობამა - გაზეთ The New York Times-ს

1lider-zar-1-anსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაზეთ The New York Times- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე წარმოებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რუსეთის პოზიცია მისთვის მოულოდნელი იყო. ამერიკული გამოცემის ჟურნალისტმა შეერთებული შტატების პირველ პირს  რუსეთის როლის შესახებ ჰკითხა. რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთის გარეშე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება არ შედგებოდა.

"რუსეთმა დიდი დახმარება გაწია ამ პროცესში. თქვენთან გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთთან გაჩენილი უთანხმოებების გამო, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რუსეთისგან მხარდაჭერა იქნებოდა. ჩვენ ვერ მივაღწევდით შეთანხმებას, თუ არ იქნებოდრუსეთის მზადყოფნა, მხარი დაეჭირა ჩვენთვის და "ექვსეულის" სხვა წევრებისთვის", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

"მე ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც რამდენიმე კვირის წინ პუტინმა დამირეკა და სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბარი წამოიწყო. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ ასადის რეჟიმი კონტროლს კარგავს სირიის ძალიან დიდ ნაწილზე და სუნიტი ჯიჰადისტების რეჟიმის დამხობის პერსპექტივები არც ისე რეალურია, ეს საფრთხე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იზრდება. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ დავიწყოთ სერიოზული საუბარი მათთან", - განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ ვენაში გამართული მოლაპარაკებები „ექვსეულსა’’ და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა. სანაცვლოდ, თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შერბილდება. შეთანხმების თანახმად, ირანი საკუთარ ობიექტებზე მონიტორინგის მიზნით, გაერო-ს ბირთვული იარაღის ინსპექტორებს შეუშვებს. ირანი თანახმაა სანქციების აღდგენაზე 65 დღის განმავლობაში, თუ თეირანი შეთანხმებას დაარღვევს. შეთანხმების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება. ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე განაცხადა, ნავთობის ექსპორტის მკვეთრად გაზრდის შესახებ.