უცხოეთი
რუსი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის ეგორ გაიდარის ქალიშვილმა მარია გაიდარმა, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა, დაადასტურა, რომ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

1gaidar-zar-1საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. 17 ივლისს ოდესის ოლქის გუბერნატორმა სააკაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა მარია გაიდარი, რომელსაც უწინ კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლის პოსტი ეკავა სოციალურ საკითხებში. „უკრაინის საკითხსა და დონბასში ომთან დაკავშირებით რფ-ის პოლიტიკას არ ვეთანხმები და ეს, სხვა დანარჩენთან ერთად, იქცა იმის მიზეზად, რომ სამუშაოდ აქ მოვედი და უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ“, - დაწერა გაიდარმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრე დანილიუკი დარწმუნებულია, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია გაიდარის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილედ - ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ცუდად გააზრებული ნაბიჯია, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს. „მარია გაიდარის დანიშვნა სააკაშვილის პირველი სერიოზული შეცდომაა“, - დაწერა დანილიუკმა თავის ფეისბუქ-გვერდზე.