პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: „ამჟამად ვერ იღებთ ევროპისაგან ყველაფერს, რისი მიღების სურვილიც გაქვთ, მაგრამ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს. თუ შეადარებთ ევროპას თქვენს სხვა მეგობრებს, მიხვდებით, რისი თქმაც მსურს..."

1-tusk-polit-3-analitსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
გიორგი მარგველაშვილი:

პატივცემულო საზოგადოებავ,

პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ ტუსკს, რომ ასეთი რთული დღის წესრიგის პირობებში ჩამოვიდა საქართველოში.

უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან დაძაბული დღის წესრიგის ფონზე, რომელიც არის ევროკავშირში, ევროპის ლიდერს მიეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა იმ რთულ ვითრებაზე, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის დემარკაციასა და მის მოძრაობას.

ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა არა მხოლოდ სირთულეებზე, არამედ იმ მომავალ პერსპექტივაზე, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

პირველ რიგში, ეს არის ის გეოპოლიტიკური მისია, რომელსაც საქართველო ემსახურება, ასრულებს და ავითარებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ქვეყანა. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში და შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უხსნის პარტნიორებს, როგორც ევროპის ისევე აზიის მიმართულებით - ენერგო, სატრანსპორტო პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირის დღის წესრიგის ეფექტიან იმპლემენტაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოტივაცია და ვექტორია.

ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, შევეხეთ იმ დღის წესრიგის დანერგვას, რომელიც ეფექტურ რეფორმებამდე და საბოლოო ჯამში ვიზალიბერალიზაციის პროცესის ეფექტიან დასრულებამდე მიგვიყვანს.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს აქტიური მონაწილეობისათვის, თანამშრომლობისა და იმ მუდმივი ყურადღებისა და ინტერესისათვის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ.

იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, კიდევ უფრო დააჩქარებს და იმპულსს მისცემს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს.

გმადლობთ“.

დონალდ ტუსკი:

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო,

ძვირფასო მეგობრებო,

ნამდვილად, მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები თბილისში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს ბრიუსელში მომიწვია საქართველოში და მე სიამოვნებით მივიღე მისი მოწვევა.

ფაქტობრივად, საბერძნეთის დრამატული სიტუაციიდან გამომდინარე, მომიწია გადამედო საქართველოში ჩემი ვიზიტი, რომელიც უფრო ადრე იყო დანიშნული. დიდი მადლობა მოთმინებისათვის.

პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, რომლებიც შეეწირნენ 13 ივნისს თბილისის წყალდიდობას. მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რიგის სამიტზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ სტიმულს გვაძლევს ინტერესები, სურვილები და ჩვენი პარტნიორების ამბიციები. საქართველომ განსაზღვრა თავისი გზა, როგორც ევროკავშირთან ძალიან მჭიდროდ ასოცირებულმა პარტნიორმა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო ძლიერდება და ვითარდება.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალური ლიდერია. მერწმუნეთ, ეს არ არის კოპლიმენტი, ეს ფაქტია. ასოცირების ხელშეკრულება, რომლის განხორციელება გასულ სექტემბერს დავიწყეთ, უმთავრეს როლს ითამაშებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში. ჩვენ ვართ ამბიციურები იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ პოზიტიურ ცვლილებებში. ერთ-ერთ ასეთ ცვლილებას წარმოადგენს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი; პროგრესი უკვე მიღწეულია და ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური დღის წესრიგი, ამ პროცესის დასრულებისათვის.

ჩვენი მოლაპარაკებების დროს, ასევე განვიხილეთ რთული რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტი. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. გვსურს მაქსიმალურად გავააქტიუროთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება. ხვალ ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რომ კიდევ ერთხელ შევაფასო ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება.

ნება მომეცით, ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე საქართველოში ვიმყოფები იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შესაძლოა ამჟამად ვერ იღებთ ევროპისაგან ყველაფერს, რისი მიღების სურვილიც გაქვთ, მაგრამ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს. თუ შეადარებთ ევროპას თქვენს სხვა მეგობრებს მიხვდებით, რისი თქმაც მსურს. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი - ჩვენ საქართველოს გვერდით ყოფნა გვინდა.

გმადლობთ“.