გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა კახი მამულაშვილმა განაცხადა.
"მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს", - განაცხადა კახი მამულაშვილმა, რომელიც 10-ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მამულაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა.