პოლიტიკა
“მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი ევროპისთვის, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემა პასუხისმგებლობით, აღელვებისა და ემოციების გარეშე მოგვარდეს!”– დონალდ ტუსკი
1-donald-polit-2-analitსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, საოკუპაციო ზოლის გადმოწევას პროვოკაციად აფასებს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ. ხელშეკრულებები, რომელიც დაიდო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს და რუსეთსა და აფხაზეთს შორის, არღვევს საქართველოს სუვენერიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი. მე დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფელი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა. ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის და სხვა ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწვყეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან,“–აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პრობლემა აღელვების და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს, რადგან „ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, ეს არის მოჭარბებული რეაქცია“.
საერთო ევროპულ ფასეულობებს გაუსვა ხაზი სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და მისი ვიზიტი შეაფასა.
განვიხილეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საოკუპაციო ხაზთან. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოვხატე შეშფოთება და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა მტკიცედ, პრინციპულად, მაგრამ მშვიდად შეხვდა. ჩვენი მიზანია, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებზე”, –განმარტა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ნაკისრი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს, არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. DCFTA-ს ფარგლებშიც მივყვებით მოცემულ გეგმას. ასევე, წინ მივდივართ სავიზო რეჟიმის გამარტივების ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ და ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.