პოლიტიკა
„მოკავშირეებმა მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული და არალეგიტიმური პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს“ - უსუფაშვილის კომენტარი ბრიუსელიდან

1-usuf-polit-3-analitსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ნატო“- გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის „ნატო“-ში ინტეგრაციის პროცესზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

მოკავშირეები ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესიც. ელჩებმა საქართველოს „ნატო“-ს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ამჟამად, საქართველო, რიგით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთის მხარდამჭერ მისიაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ურყევი ნებაა და ამის შესახებ ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი და საზოგადოება, უკვე დიდი ხანია, შეთანხმდა. მისივე განცხადებით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა „ნატო“-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით და ეს შეეხება როგორც დემოკრატიულ, ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე, სამხედრო კომპონენტს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმის (ინგლ. MAP) მისაღებად მზადყოფნას ადასტურებს (ვიდეო იხ. აქ).

„სხდომაზე ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმებისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენების შესახებაც. მოკავშირეებმა მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული და არალეგიტიმური პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს“. „ნატო“-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.