პოლიტიკა
„ჩვენთვის მაპის მიცემა ნატოს გააძლიერებს. ნატოს ჩვენ ვჭირდებით მეტად, ვიდრე ჩვენ ნატო, როგორც პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის“ - თინათინ ხიდაშელი ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას ითხოვს

1-map-polit-1-analitსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ავსტრიულ გერმანულენოვან გაზეთ Kurier-თან თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა. შტეფან შოხერთან ინტერვიუში საუბარი საქართველოსა და რეგიონში არსებულ საფრთხეებსაც შეეხო.

საქართველო ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის და ევროკავშირთან დაახლოება სურს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ მასშტაბური რეფორმები განახორციელა, საქართველოს მოქალაქეები ძალისხმევას არ იშურებენ, თუმცა რეალური შედეგი ჯერ სახეზე არ არის. რუსეთთან კონფლიქტს კი დასავლეთთან დაახლოების პროცესში ახალი დინამიკა შეაქვს. თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრია. Kurier მას ინტერვიუს ჩასაწერად შეხვდა.

კავკასიასა და უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა მიგაჩნიათ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ?

გასული წელი ძალიან რთული იყო. ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი არჩევანი გააკეთონ. რეგიონის ყველა ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლასა და საკუთარი გზის მოძებნას ცდილობს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს, თითოეულმა მათგანმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს. საუბარია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებზე, არამედ, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზეც. ჩემი აზრით, ის გამოწვევები, რომელსაც რუსეთის მხრიდან ვგრძნობთ, მიმართულია არა მარტო თბილისის, კიევის, ბაქოს ან ერევანისკენ, არამედ, ეს ეხება ვაშინგტონს, ბრიუსელს და დასავლეთის ყველა სხვა ქვეყნის დედაქალაქს.

როგორ შეაფასებდით რიგის სამიტს?

საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მოლოდინი გქონდათ, რაც არ გამართლდა...
მე ვიტყოდი, რომ ძალიან დადებითი სამიტი იყო. საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია ვერ მიიღო, მაგრამ ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება არსებობს და ეს მხოლოდ დროის, მოკლე დროის საკითხია. მე დადებითად ვარ განწყობილი, მოსაგვარებელი რჩება ტექნიკური დეტალები.

საკმარისს აკეთებს ევროკავშირი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა?

უფრო მეტზე ყოველთვის შეიძლება საუბარი, ევროკავშირი ჩვენთვის სანდო და მყარი პარტნიორია, რომელიც დაპირებებს შეასრულებს. ჩვენ შეგვიძლია ამაზე მუდამ ვისაუბროთ, ვთქვათ, რომ რაღაც შეიძლებოდა ორი წლის წინ გაკეთებულიყო, მაგრამ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ. შეიძლება ითქვას, ევროკავშირი ჩვენთან ურთიერთობის პროცესში კარგ სამუშაოს ასრულებს.

იგივე პოზიცია გაქვთ ნატოსთან დაკავშირებით?

ვერ უარვყოფთ, რომ ნატოსთან დაკავშირებით სხვაგვარად დგას საკითხი, ევროკავშირთან და ნატოსთან იდენტური ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენი მხრიდან ყველა ტექნიკური სამუშაო შევასრულეთ. ახლა რაც გვაკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მაპის მისაღებად და საბოლოოდ, გაწევრიანება, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ.

მოხდება ეს მომდევნო 10 წელიწადში?

რეალურად რომ შევხედოთ, ეს შესაძლებელია 10 წელიწადში, ერთ წელიწადში, ნებისმიერ დროს მოხდეს. მზად უნდა ვიყოთ, შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ველოდებით ჩვენს შანსს.

აქ არსებობს კითხვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსული შენაერთები დგანან და რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. ხომ არ აშინებს ეს ნატოს, ხომ არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი?

გაწევრიანების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ მაპის მიღებასთან დაკავშირებით ამ ფაქტორს ვერ ვხედავ. კოლექტიური უსაფრთხოება არ არსებობს. თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. არ შეიძლება ნატომ ან ევროკავშირმა მომავალშიც ისე იმოქმედონ, როგორც ამას დღეს აკეთებენ მხოლოდ რეაქციის სახით. ბევრი საშუალება არსებობს, აქ დედაქალაქებში ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ საკუთარი არჩევანი გავაკეთეთ. 2016 წელს ნატოს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს. დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეგვიძლია.

უკრაინაში ომმა მეორე მხრივ, ნატოს სუსტი მხარეები ცხადი გახადა. ნამდვილად არის ნატო უსაფრთხოების ფაქტორი თუ შესაძლოა, უფრო მეტად რისკთან იყოს დაკავშირებული?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხიდან, მოსკოვის გადასახედიდან შევხედავთ სიტუაციას, თუ თბილისის თვალით დავაკვირდებით. დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე 2008 წელს, როდესაც ჩვენ რუსეთთან ვიყავით ომში ჩართული. როდესაც რუსეთს გაცნობიერებული არ აქვს, რას წარმოადგენს ნატოს პრინციპები, რას შეაჩერებს ის? ჩვენთვის მაპის მიცემა ნატოს გააძლიერებს. ნატოს ჩვენ ვჭირდებით მეტად, ვიდრე ჩვენ ნატო, როგორც პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის.

და თუ მაპს ვერ მიიღებთ...

ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია.