პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „ვიმედოვნებ, რომ დეპუტატები, ჩვენ მიერ წარმოდგენილ ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტის მიღებით, უკეთეს და დაბალანსებულ კანონმდებლობას შესთავაზებენ ჩვენს ქვეყანას“

1-margvla-polit-3-analitსაქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონებს ვეტო დაადო.

ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის.

ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე, აგრეთვე ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია - ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღე მოცემულ და მის თანამდევ კანონპროექტებს დავადო ვეტო.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესში, ჩვენ შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება.

ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების და არც კონფრონტაციის ინსტიტუტი. ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისათვის, რომ მსგავს სიტუაციებში, როდესაც შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ ითანამშრომლონ ქვეყნისათვის უკეთესი გადაწყვეტილებების ერთად შეთავაზების მიზნით“, - განაცხადა, კერძოდ, მარგველაშვილმა.