აქტუალური
ოთარ დანელია: „ჩემს მრჩეველს არ აქვს უფლებამოსილება მოსკოვში ვიზიტისას ემბარგოზე ისაუბროს!“ - რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ხვალ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს შეხვდება

1danelia-aqtual-3საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის მინისტრი მისი მრჩევლის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ოთარ დანელიას განმარტებით, ამ ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. მისივე თქმით, შეხვედრისას ემბარგოზე საუბარი არ იქნება.

იყო ადრეც ეს შეხვედრები, პირველი არ გახლავთ და კიდევ იქნება მომავალში, რათა ზუსტად გვესმოდეს ურთიერთთანამშრომლობის ნორმები და პრინციპები. მხოლოდ ამას ემსახურება, სხვას რა თქმა უნდა არაფერს. ჩემს მრჩეველს არ აქვს უფლებამოსილება ემბარგოზე ისაუბროს, ჩემს მრჩეველს აქვს მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილება ისაუბროს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სავაჭრო ურთიერთობებს და პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს ეხება, შესაბამისად ეს უკვე პოლიტიკური ჭრილია და ეს უფლებამოსილება არ გავრცელდება არ გავრცელდება მათ ზღვარს მიღმა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სერგეი დანკვერტი 13 აგვისტოს მოსკოვში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ ზურაბ ჩეკურიშვილს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. როგორც ცნობილია გასულ კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა განაცხადა, რომ შესაძლოა მთავრობამ პრეზიდენტ პუტინს მიმართოს თხოვნით, გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთა წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო არის შემოღებული. იმ ქვეყნების სიაში კი, რომელსაც შესაძლოა ემბარგო შეეხოს, არ არის გამორიცხული, საქართველოც მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში ქართული ღვინის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენეს.