პოლიტიკა
ბურჯანაძესა და ოქრუაშვილს შორის დაპირისპირება მწვავდება

burjanadze-oqruashvili„სახალხო კრების“ ორგანიზატორებსა და „ქართული პარტიის“ ლიდერებს შორის ურთიერთობა მწვავდება. ეს დაპირისპირება პიკს გაზაფხულზე მიაღწევს.

ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპირისპირებაში ჯერჯერობით პასიური როლი უკავია ლევან გაჩეჩილაძესა და სოზარ სუბარს. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, ის არც ბურჯანაძესთან აპირებს საქმის გაფუჭებას და არც ირაკლი ოქრუაშვილთან.

„სახალხო კრების“ გამართვის შემდეგ ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ბურჯანაძეს წონასწორობა დააკარგვინა. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ხალხს წინ და უკან დაარბენინებს.

ამ განცხადების გაგონებისას პარლამენტის ექს-სპიკერი იმდენად გაბრაზებულა, რომ უთქვამს, პარიზიდან ყველაფერი კარგად ჩანს, ჩამოვიდეს და აქ ისაუბროსო.

„ქართული პარტია“ და „სახალხო კრება“ ერთმანეთს რადიკალიზმშიც შეეჯიბრებიან. გაზაფხულამდე,'' სახალხო კრება'' საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებს. 1 თებერვლამდე კი ''სახალხო კრების'' ინიციატორები ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას გეგმავენ.

გაზაფხულზე გააქტიურებას „ქართული პარტიაც“ აპირებს. ამ დროისთვის „ქართულ პარტიას“ 50 ათასი მხარდამჭერის მობილიზება აქვს გეგმაში. სწორედ „სახალხო კრება“ და „ქართული პარტია“ შეცდებიან ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებების გაკეთებით მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდას.