პოლიტიკა
“ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება” - განაცხადა ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგთან პირისპირ შეხვედრაზე
natos-POLIT-2საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.