პოლიტიკა
„საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება” - ღარიბაშვილი

1-gruzia-polit-1-analit

საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „თანამედროვე აბრეშუმის გზა“ განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა  მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. მანვე დისკუსიის მონაწილეებთან საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც საქმე ეხება აბრეშუმის გზას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს, აღსანიშნავია ბევრი საინტერესო ფაქტორი. მაგალითად, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვაქციოთ საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად. ჩვენ გვინდა ახალი პორტის, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა. ამ პორტის მშენებლობა მოიცავს შვიდ ფაზას, და არსებობს დიდი დაინტერესება ჩინური კომპანიების მხრიდან, რომელთაც სურთ ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით: გზების მშენებლობა, ხიდების აგება და ასე შემდეგ. ლაპარაკია საქართველოში რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიციებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.
დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიას–„თანამედროვე აბრეშუმის გზა“ მოდერატორობას BBC News-ის დირექტორი ჯეიმს ჰარდინგი უწევდა.