აქტუალური
საქართველოს საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია „K Water“ საქართველოში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას დაიწყებენ

1-kwater-aqtual-1საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაწყებას საფუძველი გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.

ნენსკრაჰესი" არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი, ისეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან, სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანია K Water-თან ერთად, რომლის პარტნიორიც საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იქნება. მშენებლობას ისეთი ცნობილი იტალიური კომპანია აწარმოებს, როგორიც არის Salini Impregilo. დღეს ჩვენ ვიწყებთ წინა მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სიმბოლურად, რომ დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები", - განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.

მისივე თქმით, "ნენსკრაჰესის" პროექტის ჯამური ინვესტიცია არის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი, ხოლო სესხის კომპონენტში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის ,,ექსიმ ბანკი“.

ეს ჰესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი იქნება, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1.2 მლრდ კვტ/სთ.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია - ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას", - განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.

პროექტის დაწყების ღონისძიებას ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, კორეული კომპანია "K Water"-ის პრეზიდენტი გაევონ ჩოი, იტალიური კომპანია Salini Impregilo–ს პრეზიდენტი ლეოპოლდო კარლესიმო დაესწრნენ.