ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიამ ქვეყანა იზოლაციაში ჩააგდო. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრას “კონსტრუქციული” და “გულწრფელი” უწოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა. ამერიკის პრეზიდენტს, შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პუტინის თქმით, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები გართულებულია. „რუსეთსა და აშშ–ს შორის ურთიერთობები, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზე დგას. ეს ჩემი კომენტარების გარეშეც გასაგებია. მაგრამ ეს ჩვენი ინიციატივა არ გახლავთ, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები ასეთ დონეზე დაშვებულიყო. ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ინიციატივაა. ვფიქრობ, ეს არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიო საქმეებს, მაგრამ ასეთი არჩევანი გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, — განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა ურთიერთობების სრულად აღდგენისა და განვითარებისთვის.