აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: „დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი ადეკვატურად უნდა აისახოს ალიანსის მომდევნო სამიტზე“

1-aliansss-AQTUAL-1-ANALITსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგების შესახებ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მოკავშირეთა მხრიდან, ცალსახად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ადეკვატურად უნდა აისახოს ალიანსის მომდევნო სამიტზე, ვარშავაში.

შეხედულება, რომ ქვეყნის მიღწევები და შედეგები შესაბამისად უნდა აირეკლოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სრულადაა გაზიარებული მოკავშირეთა მხრიდან.

ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების ურყევ ნებასა და საბოლოო მიზანს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში საბოლოო გაწევრიანება წარმოადგენს და პროცესის დაჩქარების მიზნით საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ პაკეტის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას, ნატო-სთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას და შესაბამისად ემსახურება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადების დაჩქარებას“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.