აქტუალური
ქუნეით გურერი: „მიგრაცია ევროპას პოტენციურ პრობლემებს შეუქმნას. ლტოლვილთა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში მიუღიათ მონაწილეობა“

1kuneit-aqtual-1-analitსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა, ისლამური სახელმწიფოებისგან მომავალი საფრთხეები და მასთან გამკლავების გზები თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მე-6 პანელის განხილვის თემებს წარმოადგენდა. სესიას ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში: ISIS და სხვა საფრთხეები მოდერატორობა საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გაუწია. პანელზე მოხსენებით წარდგნენ: უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ინსტიტუტის წარმომადგენელი მათე სზალაი, თურქეთის მიგრაციის მართვისა და უცხოელების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ქუნეით გურერი, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში დავით ჭოჭუა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსიპ ბრკიჩი.
მომხსენებლებმა ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში მიგრაციის პრობლემასაც. იოსიპ ბრკიჩმა ბალკანეთში ლტოლვილთა კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სირიიდან წამოსული დევნილების 70%-ს 16-დან 70 წლამდე მამაკაცები წარმოადგენენ; აქედან გამომდინარე, ქვეყანა უდიდესი დილემის წინაშე დგას - თუ რა ძალამ უნდა დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა კრიზისის დასრულების შემდეგ.

„არასტაბილური რეგიონი, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ მის მეზობელ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირსაც. დასავლეთ ბალკანეთს უსაფრთხოების პრობლემას უქმნის ასევე მიგრაციის კრიზისიც. ეს პრობლემა ბალკანეთის გარდა ევროკავშირის ქვეყნებზეც ვრცელდება, რადგან ლტოლვილთა უმეტესობა ევროპის ქვეყნებში შეღწევას ცდილობს უკეთესი ცხოვრებისთვის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიგრაციამ შესაძლოა ევროპას პოტენციური პრობლემებიც შეუქმნას. ლტოლვილთა შორის შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში მიუღია მონაწილეობა და შესაბამისი გამოცდილებაც აქვთ თუ როგორ მოახდინონ ინფილტრაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში“, - აღნიშნა ქუნეით გურერმა.