აქტუალური
„საუბარი გვქონდა გზაზე, რომელიც უკრაინამ უნდა გაიაროს ნატოსთან ურთიერთობის კუთხით და რომელიც საქართველოს უკვე გავლილი აქვს“ - თინა ხიდაშელი

1govorili-aqtual-3საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იგორ დოლჰოვსა და უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე ოლექსანდ ლიტვინენკოს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

„კონფერენციის ფარგლებში ბევრი სტუმარი გვყავდა, მათ შორის იყვნენ უკრაინიდან. ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ  პრობლემებზე, ამ პრობლემებისგან შორს არც საქართველოა. მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთი და იგივეა. საუბარი გვქონდა თანამშრომლების ფორმებზე, გზაზე, რომელიც უკრაინამ უნდა გაიაროს ნატოსთან ურთიერთობის კუთხით და რომელიც საქართველოს უკვე გავლილი აქვს. გამოცდილებით, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, შეგვიძლია კარგი სამსახური გავუწიოთ ჩვენს კოლეგებს. ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკრაინას გააჩნია. მოგეხსენებათ, უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აქვს და საქართველოს ბუნებრივია, კვლავ აქვს სურვილი, ამ მიმართულებითაც მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა.