სამართალი
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ტოვებს მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას” - ურთმელიძე

1-urtmel-samart-1საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი განცხადება, სადაც მოსამართლე სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზს განმარტავს, საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ წაიკითხა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი, როგორც "რუსთავი2"-ის საქმის გამხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადაცემულია შუალედურ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში). რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, მოსამართლე აღნიშნავს, რომ ისინი აისახებიან საბოლოო შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.

"მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე", - აღნიშნავს თამაზ ურთმელიძე განცხადებაში.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ტოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - აღნიშნავს თამაზ ურთმელიძე განცხადებაში.