უცხოეთი
პოროშენკომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციაში შესვლაზე უარის გამო

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რუსთთან კოალიციაში შესვლაზე უარის გამო, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილების კომენტირებისას პოროშენკომ თავის ფეისბუქ-გვერდზე მადლობა გადაუხადა ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებს „უკრაინის უწყვეტი თანადგომისა და სოლიდარობისთვის“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში „კარგად აცნობიერებენ, რომ დემოკრატიული სამყარო ფრთხილად უნდა მოეკიდოს რუსეთთან თანამშრომლობას სირიის გარშემო“. პოროშენკოს თქმით, სირიაში რუსეთის მოქმედებების მიზანია - საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უკრაინიდან სხვა რამეზე გადაიტანოს.

ლიტვამ, ესტონეთმა და ლატვიამ უარი განაცხადეს შეერთებოდნენ ფართო კოალიციას რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. „ლიტვა მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთ ახალ კოალიციაში, სადაც რუსეთი მონაწილეობს ან მონაწილეობის სურვილს გამოხატავს“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერთა ერთობლივ სხდომაზე.