უცხოეთი
ღარიბაშვილი, ოლანდის მიწვევით, პარიზში, კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთს 29 დეკემბერს ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური პატივს მიაგებს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

30 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს.

კონფერენციაზე უნდა დაიდოს ამბიციური და მდგრადი მსოფლიო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს, მსოფლიოში ტემპერატურის მატება 1,5-2 C◦-ის ფარგლებში შენარჩუნდეს და ამრიგად, მომავალ თაობებს უკეთესი მომავლის პერსპექტივა შეექმნათ. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა და მსოფლიოს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მრავალი წლის წინ დაწყებული დისკუსიები წარმატებით დაგვირგვინდება. საფრანგეთს, რომელიც ამ კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ღირსეული შედეგის მისაღწევად. მოლაპარაკებებისთვის ძლიერი და საბოლოო პოლიტიკური იმპულსის მიცემის მიზნით, გიწვევთ, პირადად მიიღოთ მონაწილეობა პარიზის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში, 2015 წლის 30 ნოემბერს“, - ნათქვამია ფრანსუა ოლანდის და ლორან ფაბიუსის მოწვევის წერილში.