პოლიტიკა
რის სანაცვლოდ ითხოვდა ლევან გაჩეჩილაძე ორ მილიონს

grechixa-ninoლევან გაჩეჩილაძე ეროვნულ კრებაში მონაწილეობის სანაცვლოდ ნინო ბურჯანაძეს 2 მლნ-ს სთხოვდა. ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ბადრი ბიწაძის ინტერვიუ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 20 დეკემბრის (№51-ში) ნომერში გამოქვეყნდა.

ბიწაძე ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას 2010 წლის მაის-ივნისის გარიგებების სერიის დეტალებს უყვება.

 

”გრეჩიხასთან” ვზივართ "პადვალში” ნინო, მე, ეროსი, ”გრეჩიხა”, კოკა და მიდის საუბარი. აი, უყურე, როგორი პირობა არის წამოყენებული: კოკა გუნცაძე უნდა იყოს შტაბის უფროსი, ეროსი კიწმარიშვილი უნდა იყოს პიარის და პრესის მიმართულების ხელმძღვანელი და „გრეჩიხა” უნდა დამჯდარიყო ფაქტიურად ქურდად. ყველა ფინანსური სიტუაცია უნდა გავლილიყო „გრეჩიხას“ ხელში, აი ასეთი პირობა წამოაყენეს”, - აცხადებს ბიწაძე.

მისივე ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე გია გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ბიძინა გეგიძის ფინანსური პრობლემების მოგვარებასაც ითხოვდა.

ამასთან, ლევან გაჩეჩილაძე დამარცხების შემთხვევაში ოჯახისთვის დამატებით 1 მილიონს ითხოვდა.

გაზეთ ”ასავალ-დასავალში” ბიწაძე გაჩეჩილაძესთან მიმართებაში კიწმარიშვილის რჩევასაც იხსენებს.

"ეროსი მეუბნება, ბიჭო, ამ „გრეჩიხასთან“ ფულის გარეშე არაფერი გამოვა, გამორიცხულია. ერთი ერთში დაელაპარაკეო“, - აღნიშნავს ბიწაძე.

როგორც გაზეთშია აღნიშნული, გაჩეჩილაძე ბიწაძისა და ბურჯანაძისგან 2 მლნ-ს ითხოვდა, საიდანაც 300 ათასი „მაესტროს“ აქციების 49%-ის გადასაფორმებლად მამუკა ღლონტისთვის უნდა გადაეცა. ამასთან, გაჩეჩილაძე ბურჯანაძეს „მაესტროს“ აქციების 25%-ის გადაფორმებასაც დაჰპირდა.

ბიწაძე ყვება, რომ გაჩეჩილაძემ 2 მლნ საკუთარ „პულკაში” შესაყვანად ზურაბ ნოღაიდელსაც მოსთხოვა. ბიწაძის ინფორმაციით, ნოღაიდელი, ოპოზიციის ლიდერობის ნაცვლად, 2 მლნ-ის გადასახდელად მზად იყო.

ამის შემდეგ”გრეჩიხამ” მოაგზავნა კაცი და გვეუბნება, ნოღაიდელი ყიდულობს ამ ტელევიზიას, პლიუს ფულსაც გვიხდის და მერე ნოღაიდელს ჩვენ ვეღარ ვეტყვით უარს ამ ერთობაში შემოსვლაზე, სასწრაფოდ თუ არ გადაიხდით ამ ფულს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ვერ გადავიხდით. ”მაესტროს” 25% რაში მჭირდება, რატომ უნდა გადავიხადო ფული? ჩვენ საბოლოოდ ვეუბნებით, ვიწყებთ სახალხო კრების სიტუაციას და თქვენ უერთდებით თუ არა ამ პროცესს?” - აცხადებს ბიწაძე ”ასავალ-დასავალში”.

მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე ერთი თვით პროცესებიდან ჩამოშორებაზე საუბრობდა.

”გრეჩიხა” ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ერთი თვე მე უნდა გავიდე, მოვშორდე ყველაფერს, იმიტომ, რომ ფული მაქვს ასაღებიო. თუ შენ ოპოზიცია გაძლევს ფულს, მაშინ რატომ უნდა მოშორდე ამ პროცესებს? ის პირობას ხომ გიყენებს, რომ გაჩერდე? ე.ი ელოდება, რომ ხელისუფლებამ მისცეს ფული", - ამბობს ბადრი ბიწაძე.

გაზეთ "ასავალ-დასავალში" 13 დეკემბერს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ: "დროებით, 6 თვით, მე ან დავით უსუფაშვილი დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი". გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

სააკაშვილმა, როგორც "ასავალ-დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.