აქტუალური
ხიდაშელს სჯერა, რომ მის სიცოცხლეში გაერთიანდება საქართველო და რომ ნატოში გაწევრიანება გაცილებით ადრე მოხდება

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან საჯარო გამოსვლა თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრით დაასრულა.

 „საქართველოში არსებული დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს გერმანიის მდგომარეობას წლების წინ. იმ დროს, როდესაც გერმანია ნატოს წევრი გახდა, არავის უთქვამს, რომ ინტეგრაციას ხელს შეუშლიდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ გაყინული კონფლიქტები არ არის; ისინი ოკუპირებული ტერიტორიებია; ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა აღიარებული“. რუსეთმა გაყინული კონფლიქტები თავისივე განცხადებებით გაალღო, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ განაცხადით კი თქვეს, რომ ომის დრო დასრულდა. საქართველომ ძალიან ბევრჯერ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ომს არ ვაპირებთ არც აფხაზეთში და არც „სამხრეთ ოსეთში“. ასე რომ, ეს ტიპური ოკუპაციაა. მსგავსი მდგომარეობა იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, როდესაც გერმანია ნატოში მიიღეს და ყველა ელოდებოდა იმ პოლიტიკურ მომენტს, როდესაც გერმანია გაერთიანდებოდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც იგივე სცენარი ვითარდება. საქართველო გახდება ნატოს წევრი. თუ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შემოერთებით საქართველო ხვალ გაერთიანდება - ეს საუკეთესო სცენარი იქნება. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ეს ხვალ მოხდება. მჯერა, რომ ჩემს სიცოცხლეში გაერთიანდება საქართველო, მაგრამ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაცილებით ადრე გაწევრიანდება, ხოლო შემდეგ, აფხაზებითა და ოსებით ერთად შევალთ ევროპულ ოჯახში. ეს გაცილებით უფრო ლოგიკური, რაციონალური არჩევანია, ვიდრე კრემლთან თანაცხოვრება.“