აქტუალური
რა შესთავაზა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „მნიშვნელოვანია ამ ფორმატის როგორც პრაქტიკული მხარე, თავისი იმპლემენტაციის კომპონენტით - იქნება ეს საჰაერო სივრცის მონიტორინგით თუ ერთობლივი წვრთნებით, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი",- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 „თუ გვსურს უსაფრთხო, სტაბილური, ენერგორესურსებით დივერსიფიცირებული ევროპა, ამისთვის საჭიროა მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონი. ამ გზაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მონდომება და შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არის ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი კომპონენტი",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.

 “თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იქმნება, შესაძლებლობას აძლევს ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, ჰყავდეთ მაღალი დონის პროფესიონალი საჯარო მოხელეები, რომლებიც განათლებას, სწორედ, ამ სკოლაში მიიღებენ. ასევე, ვისაუბრეთ არსებითი პაკეტის კიდევ ერთი პროექტის - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე“.