აქტუალური
საქართველოს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ულოცავენ

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკომისიის ანგარიშს, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მიღწეულ წარმატებას საქართველოს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ულოცავენ.

 „საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ევროკომისიის მიერ დადებითი ნაბიჯია. წაახალისეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ ეს გადაწყვეტილება აღასრულონ, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.

 „რეფორმებს მოაქვს ნამდვილი სიკეთე თქვენი მოქალაქებიისთვის!“, - აცხადებს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

 „დიდხანს ნანატრი და დამსახურებული ამბავი“, - ასე აფასებს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

 „ევროკავშირმა გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს“, - წერს ედგარს რინკევიჩსი.

 დადებით ანგარიშთან დაკავშირებით ევროკომისია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ამ ფორმით იუწყება - საქართველო აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს“.

 საქართველოს მიღწეულ წარმატებას, ასევე, ულოცავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახური.