უცხოეთი
თიბილოვს სამაჩაბლოსთვის ალანიის დარქმევა და რუსეთის შემადგენლობაშ შესვლა სურს

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი არ გამორიცხავს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ალანია ეწოდოს.

 "მზად ვარ, ვცადო ჩვენი რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლა, რათა მას სამხრეთ ოსეთი - ალანია ოფიციალურად ვუწოდოთ. არსებობს ორი განსხავებული ერი და ოსეთის ორი ნაწილი - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია. ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გაერთიანება. ეს არის ჩვენი ერის საუკუნის ოცნება", - განაცხადა თიბილოვმა.

 ის იმედოვნებს, რომ "დადგება ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ოსეთი გაერთიანდება ალანიის სახით, რუსეთის ფედერაციაში. ეს ჩვენი ოცნებაა, ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრე".

ამასთან, თიბილოვმა თავისი ადმინისტრაციის იურისტებს დაავალა განიხილონ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყოფნის თაობაზე.

 „რეფერენდუმის ჩატარება საჭიროა. იგი შეეხება კონსტიტუციის მე-10 მუხლში ცვლილების შეტანას, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეღ ოსეთს შეუძლია სხვა სახელმწიფოებთან კავშირის შექმნა და კავშირის ცალკეული ორგანოებისთვის თავისი უფლებამოსილებების გადაცემა“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2017 წლის აპრილშია დაგეგმილი.

სამხრეთ ოსეთის ლიდერი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ოქტომბერში გამოვიდა. თუმცა, როგორც სააგენტო Кавказский Узел იუწყება, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი თიბილოვთან არ განუხილავს.