საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. „რისი შეცვლა შეუძლია და რისი არ შეუძლია საქართველოს მთავრობას“- ამ სათაურით ამერიკული ანალიტიკური კომპანია „Stratfor“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ანალიზს და 2016 წლის არჩევნების მოსალოდნელი შედეგების პროგნოზს აქვეყნებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის გამო Stratfor 2015 წლის დასასრულს დრამატულს უწოდებს.
„როგორც ჩანს, კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის - გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკაში, სწორედ კოალიციის გადახალისებას და ახალი ბიძგის მიცემას ემსახურება. მართალია, ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, კვირიკაშვილი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ რისკი მაინც ნაკლებია, რადგან არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არა აქვს უნარი, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს კოალიციის სუსტი მხარეები“,-აღნიშნულია სტატიაში.
„არჩევნების შედეგების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ საქართველო პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს. მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმული ბრალდებებისა, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რუსეთის მიმართულებით შეცვლიდნენ პოლიტიკურ ვექტორს, ახლანდელი ხელისუფლება, ძირითადად, ატარებს წინა ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით; გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრიორიტეტად გამოაცხადა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც, სავარაუდოდ, რეალობად იქცევა 2016 წლის ზაფხულიდან. მართალია, ევროკავშირისა და ნატოს წევრობა დღესდღეობით არ განიხილება და, სავარაუდოდ, სიტუაცია არც 2016 წელს შეიცვლება, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ თავისი მმართველობის წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ურყევი დასავლური ორიენტაცია შეინარჩუნა.
მართალია, ამან გაართულა ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ, მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო თბილისსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესება. საქართველოს დასავლურ (განსაკუთრებით ნატოში) ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელია თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის გაზრდა, თუმცა ამას არ მოჰყვება კავშირების სრულად გაწყვეტა ან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების შეფერხება. ნაცვლად ამისა, რუსეთი შეეცდება, ევროკავშირის გავლენის საპირწონედ, მსგავსი ნაბიჯების (მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამა) გადადგმას საქართველოსთან მიმართებით“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.