საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. „მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შანსი - მოიპოვოს რეალური ენერგო დამოუკიდებლობა, აღარ იყოს დამოკიდებული ერთი კონკრეტული ქვეყნის მიერ მიწოდებულ ენერგომატარებელზე, კერძოდ აზერბაიჯანზე, პარტიები, რომლებსაც გააჩნიათ ბიზნეს-წილები „სოკარში“ და მიღებულ დივიდენდებს წლების მანძილზე იყენებდნენ და დღესაც იყენებენ საარჩევნო მიზნებისთვის, ყველანაირად ცდილობენ დაბლოკონ ქვეყნის ეროვნული ინტერესებსათვის ესოდენ სასარგებლო მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი შალვა ნათელაშვილის განცხადება, თითქოს მოლაპარაკება „გაზპრომთან“ არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო - აბსურდულია. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სწორედ სააკაშვილის ათწლიანი მმართვეობის დროს ქვეყანამ რუსულ მხარეს ჩალის ფასად მიჰყიდა სტრატეგიული ენერგო-ობიექტები მ.შ. „თბილგაზი“.
აქვე უნდა ითქვას, რომ 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველო ისედაც ღებულობდა გაზს რუსეთ-სომხეთის გაზსადენიდან.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრებს, არ აჰყვნენ სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკოსების პროვოკაციებს და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული მოლაპარაკებები მიიყვანონ ლოგიკურ დასასრულამდე“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.