უცხოეთი
თურქეთში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ხოლო ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. თურქეთში, დიარბაქირში, პოლიციის განყოფილების შესასვლელთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 40–მდე კი დაშავდა.

გარდაცვლილთა შორის ქალი და ბავშვიც არიან. მათი ცხედრები პოლიციის შენობის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, რომლის ნაწილიც აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლება თავდასხმაში ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებს.

თურქ სამართალდამცველებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

მასშტაბური თავდსახმების სერია განხორციელდა ინდონეზიის დედაქალაქშიც. ტერორისტებმა ჯაკარტის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრთან და პოლიციის შენობასთან ჯერ აფეთქებები მოაწყეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემით 6 ადამიანი დაიღუპა.

სროლის შემდეგ ტერორისტები კინოთეატრის სახურავზე გამაგრდნენ. გავრცელებული ცნობით 14 თავდამსხმელიდან 4 პოლიციელებმა მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტერაქტების სცენარი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ხელწერას ჰგავს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.