სამართალი
მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის ინდექსში საქართველო 103-ე ადგილზეა

economistბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტის" ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit”-ამ  მსოფლიოს ქვეყნების 2010 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 103-ე ადგილს იკავებს. გამოქვეყნებული ინდექსი ასახავს სახელმწიფოების მდგომარეობას 2010 წლის ნოემბრისთვის და მასში 167 ქვეყანაა შესული.

დემოკრტიულობის ინდექსში ეს სახელმწიფოები დაყოფილია ხელისუფლების რეჟიმის ოთხ ტიპად. პირველი - სრული დემოკრატია, მეორე - არასაკმარისი დემოკრატია, მესამე - ჰიბრიდული რეჟიმი, მეოთხე - ავტორიტარული რეჟიმი.

რეიტინგში საქართველო მესამე საფეხურზე - ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოზამბიკის, უგანდის, ლიბერიის, ვენესუელისა და ბუტანის შემდეგ მოხვდა.

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი - 5,5 საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური ჩართულობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებლების მიხედვით დაადგინეს.

ინდექსი დემოკრატიულობის 5 საკვანძო მაჩვენებელს ეფუძნება. მსოფლიოს ქვეყნების ეს ინდექსი სახელმწიფოში დემოკრატიის დონეს განსაზღვრავს და ექსპერტული შეფასებების მეთოდოლოგიას ეფუძნება, მათ შორისაა საარჩევნო კოდექსი და პლურალიზმი, მთავრობის საქმიანობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.

რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად დასახელებულია ნორვეგია. პირველ ათეულში, ასევე, გაერთიანებულნი არიან ისლანდია, დანია, შვეცია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ფინეთი, შვეიცარია, კანადა, ნიდერლანდები.

უნდა აღინიშნს, რომ სრული დემოკრატიის სახელმწიფოების სიაში მე-17 ადგილზე იმყოფება აშშ, მე-19 ადგილზე - დიდი ბრიტანეთი, ხოლო 26-ე, ბოლო საფეხურზეა პორტუგალია.

არასრული დემოკრატიის ქვეყნებში - პირველ ადგილზე, ხოლო სრულ რეიტინგში 27-ე ადგილზეა კაბო-ვერდე; 28-ე ადგილზე - საბერძნეთი; 29-ე ადგილზე - იტალია; 31-ე ადგილზე - საფრანგეთი; არასაკმარისი დემოკრატიის ქვეყნებში ბოლო ადგილზე (78-ე) მალი აღმოჩნდა.

ჰიბრიდული რეჟიმების ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ჰონ-კონგი (მე- 80). ამავე ჯგუფში მოხვდნენ ყირგიზეთი (106-ე), რუსეთი (107-ე), სომხეთი (109-ე). ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის ბოლო ადგილზე და საერთო რეიტინგში 111-ეზეა ერაყი.

ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში მოხვდა ყახაზეთი (132-ე), აზერბაიჯანი (135-ე), ჩინეთი (136-ე), უზბეკეთი 9164-ე) და თურქმენეთი (165-ე).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო პოზიციაზეა ესტონეთი (33-ე), ლიტვა (41-ე) ლატვია (48-ე), მოლდოვა (64-ე) და უკრაინა (67-ე).

საერთო რეიტინგის ბოლო, 167-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა.